თუ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა ან უბრალოდ, ბიზნესის დაწყების სურვილი, მაშინ პროექტი „Startup მარანი“ თქვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, აქციოთ თქვენი იდეა/ჩანაფიქრი რეალობად. ღონისძიება გულისხმობს დამწყები მეწარმეების ინვესტორებთან შეხვედრას დახურულ ფორმატში. ყოველთვე ორგანიზებულია ერთი სტარტაპ შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან მხოლოდ ის ინვესტორები, ვისაც აინტერესებს კონკრეტული ბიზნეს იდეა. წლის ბოლოს იმართება დიდი შეხვედრა, სადაც მოხდება 11 სტარტაპ იდეის პრეზენტაცია და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც გაემგზავრება ბერლინში ან კიევში და გამართავს ბიზნეს იდეის პრეზენტაციას უცხოელ ინვესტორებთან.

ინვესტორებთან წარდგენამდე იდეები გადის მოსამზადებელ პერიოდს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს უტარდებათ ტრენინგები და მენტორები ინდივიდუალურ კონსულტაციებს უწევენ მონაწილეებს.

როგორი იდეებია მისაღები?

ნებისმიერი იდეა ნებისმიერ სფეროში მისაღებია. „Startup მარანი“ თავის მონაწილეებს ურჩევს გააერთიანოს სხვადასხვა ინდუსტრიები და იფიქროს გლობალურად, რათა შექმნას ინოვაციური იდეა. ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, წარმოადგინოს იდეა, დაამუშავოს და მოამზადოს პრეზენტაციაზე წარსადგენად, რაშიც ჩვენი გუნდი დაეხმარება. თუ თქვენ არ გაქვთ იდეა, მაგრამ გსურთ, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი, ჩვენ გთავაზობთ იდეებს, რომელთაგანაც შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი, დაამუშავოთ და წარუდგინოთ ინვესტორებს!

ღონისძიების  დასრულებიდან  ერთი  კვირის  განმავლობაში,  ინვესტორებს  ექნებათ საშუალება დაუკავშირდნენ მათ მიერ შერჩეულ მონაწილეებს და დაიწყონ მოლაპარაკება დაფინანსებაზე. ხოლო იმ იდეებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას, მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში, განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე www.startupmarani.ge – კატეგორიაში „ინვესტორებისთვის“, სადაც დარეგისტრირებულ ინვესტორებს, დაინტერესების შემთხვევაში, შეეძლებათ ნახონ ბიზნეს იდეები და   დაუკავშირდნენ იდეის ავტორს.

ასევე,  საუკეთესო  ბიზნეს  იდეების  ავტორებს  საშუალება  ექნებათ,  მონაწილეობა  მიიღონ სხვა ქვეყნის მსგავსი ტიპის პროექტებში და მოიპოვონ დაფინანსება.

სტარტაპში, რომელიც ინვესტორის მხრიდან დაფინანსდება, ,,Startup მარანი’’-ს წილი დაფინანსებული თანხის 5 -10%-ით შემოიფარგლება.

ამგვარად, თუ ნამდვილად გსურს რომ შენი ბიზნეს იდეა განახორციელო, შეავსეთ დამწყები მეწარმეების განაცხადის ფორმა და მიიღე შანსი გახდე შემდეგი ღონისძიების მონაწილე!